Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის "შუქის" გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.
გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.
1915
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.
1914
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!